ვწყევლი სიყვარულს!

ვწყევლი სიყვარულს!
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ოჰ, ჩემს ვნებისგან დაცლილ სიცოცხლეს
რომ მოვლენოდი ათის წლის წინათ,
ის მხოლოდ შენ ერთს, შენ დაგსახავდა
ოცნების მეფედ, მზიურ გვირგვინად!
მაშინ ალერსი ისე მწყუროდა,
ისე ველოდი ტკბილ თანაგრძნობას,
ისე ვათევდი უძილო ღამეს...
ეხლა კი ვწყევლი, ვწყევლი მე ტრფობას.
მან ამოაშრო გულის სიღრმიდან
აუხდენელი ოცნება ნაზი.
და მთელ სიცოცხლეს სულით ობლობის
წითელ ზოლივით გაავლო ხაზი.
ეხლა რაღა ვარ? იმგვარი ტრფობა
არ შეუძლია არც სულს და არც გულს...
დაგაგვიანდა... ეხლა მე ვწყევლი,
და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს.