ვწერ ვინმე მესხი მელექსე

ვწერ ვინმე მესხი მელექსე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ვწერ ვინმე მესხი მელექსე,
რაც კი მივლია მე გზები,
ჯერ ლექსი მწვავდა, მერე - მზე,
ჯერ - მზე და მერე - ლექსები.
იყო ნაკვეთი შაირი,
როგორც ნასროლი ისარი,
ხან - სროლა ქუხილნაირი,
ხან - რხევა სამაისარი,
ხან - საკვნესარი დაირი,
ხან - ჩანგი მოდაისარი,
ის არის სუნთქვა, ჰაერი,
მთელი სიცოცხლეც ის არი!
შმაგი, ვით ვეფხვი დაჭრილი,
მშობლიურ მთა და ველებზე
ვარ ოცნებისთვის გაჭრილი
მე, ვინმე მესხი მელექსე.