ვისმენ დანატრულ ხმას
ვისმენ დანატრულ ხმას ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1922 წელი |
ალვა მწვერვალსა ხრის,
ნაზი ტარივით სწორს,
მთიდან ნიავი ჰქრის
შორს, უბოლოოდ შორს.
შევხვდით ისევე ჩვენ,
გზით მიმავალი გზად,
კვლავ მოგონებებს მფენ,
მაგრამ არ ვიცი: რად?
მზე გიოქროვებს თმას,
ვით მონიავე რულს,
ვისმენ დანატრულ ხმას
და ვერ ვიმშვიდებ გულს.
ფრთადაღალული დღე
სცდება დასავალ ცას,
გარინდებული ტყე
ფიქრობს, არ ვიცი - რას?