ვარდები
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,
ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,
სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,
ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.
დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს
ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,
მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,
სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.
დაე, მაისის ხატავდეს ხელი
ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.
რომელი იყო პოეტი წრფელი,
რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?
ვარდები იგი ელადის გემმა
დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი,
როგორც სახება და დიადემა
სილამაზისა და სინამდვილის.
რომელი ლხინი იყო უვარდო,
და ან - რომელი დღე საცნაური,
ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,
რაა უვარდოდ დღესასწაული?
სახეთა ფერი და ნეტარება,
ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი,
პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:
მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.
მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,
როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის.
დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი,
და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.
ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,
აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს,
ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს...
ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!
ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!
შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,
როცა მზიანი იყავი ისე,
როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი.
და ორნამენტით აკრთობდა დემონს
იმ მშვენიერი წიგნების ძალა,
წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემო
ვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა.
ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი,
რაფაელს იგი ფარავდა ლხინში,
სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი
და ლეონარდო იყო და-ვინჩი.
იხიბლებოდა სული დიადით,
როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.
რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი -
ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.
ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებს
და ყვავილებით მოქარგულ ფარდებს,
მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებს
და კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს.