დევკალიონი და პირა ელინური მითები - ფაეტონთი
ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე
ორფევი და ევრიდიკე


მზის ღმერთის პელიოსისა და კლიმენეს შვილი ფაეთონტი მთელ ეთიოპიაში სახელგანთქმულ ვაჟკცად ითვლებოდა. ეთიოპიელები დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ ახოვან ყმაწვილს.

"ფაეტონთის დაცემა", სიმონ მოსკას ბარელიეფი.

ფაეთონტი მუდამ ამაყობდა თავისი ღვთაებრივი ჩამომავლობით. ერთხელ ყმაწვილი იმდენად გაკადნიერდა, რომ ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილის ეპაფის თანასწორობაც კი გამოაცხადა საჯაროდ. ეპაფს სიცილადაც არ ეყო ფაეთონტის ამგვარი კადნიერება და ეჭვი შეიტანა ყმაწვილის ღვთაებრივ ჩამომავლობაზე. შეურაცხყოფილი ყმაწვილი დაუყონებლივ დედასთან მიიჭრა. „საყვარელო დედავ! – თვალცრემლიანი ემუდარებოდა ფაეთონტი თავის საყვარელ დედას კლიმენეს: – მომეც რაიმე სარწმუნო საბუთი, რომ დედამიწის მანათობელი მზის ღმერთი ჰელიოსი მართლაც მამაჩემია!“

– „ვფიცავ ყოვლად შემძლებელ მაღალ ღმერთებს, ვფიცავ ყველაფერს, რაც კი წმინდათა წმინდა გამაჩნია, ვფიცავ შენს ყველგან და მარადის ჩემთვის ძვირფას სახელს და სიყვარულს, რომ შენ ნამდვილად ჰელიოს ღმერთის შვილი ხარ!“ – სიყვარულის კილოთი ანუგეშებდა კლიმენე თავის საყვარელ, ძვირფას შვილს ფაეთონტს. „უკეთუ ჩემი სიტყვები არ გჯერა, მამაშენის სასახლეები ხომ ახლოა ჩვენზე და თვითონვე შეგიძლია გამოჰკითხო ყველაფერი შენი ვინაობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, მამაშენი ჰელიოსი შესძლებს დაგარწმუნოს შენს ვინაობაში და ყოველგვარი ეჭვები სრულიად გაგიფანტოს“.

ფაეთონტს მოეწონა დედის რჩევა და დაუყოვნებლივ ფეხაკრეფით გაეშურა ღმერთის ჰელიოსის ბრწყინვალე სასახლეებისაკენ. ჰელიოსის სასახლეები ამაყად გადმოიყურებოდნენ მაღალი მთის მწვერვალიდან. ოქროთი და ფერადი ქვებით შემკული მარმარილოს სვეტები გარს ერტყნენ სპილოს ძვლებით დახურულ სასახლეებს. მოვერცხლილ ალაყაფის კარებზე ხელოვნურად გამოქანდაკებული იყო ცა, დედამიწა და თვალუწვდენელი ოკეანე. წყლის ფერად უფსკრულში მოჩანდნენ ზღვისა და ოკეანის ღმერთები. დედამიწის ზურგზე გაეშენებინათ ქალაქები და სოფლები, სდაც ხალხი ირეოდა და ყოველდღიური საქმიანობის ფერხულში ჩაბმულიყო. განაპირა ადგილები მთის საუცხოვო გრეხილებით დასერილიყო, ხოლო ირგვლივ პიტალო კლდეები არწივივით ამაყად გადმოიყურებოდნენ. მთის კალთები უხვად შემოსილიყო დაბურული ტყეებით, რომლებშიაც მხეცები ათასგვარად ფუსფუსებდნენ. მდინარეები მთის გრეხილებზე საამურად იკლაკნებოდნენ, მტრედისფერი ცა მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილიყო.

ფაეთონტი მოკრძალებით შევიდა სასახლეში. ჰელიოსი დიდებული ტანსაცმელით იჯდა ალმასებით შემკულ ტახტზე. მარჯვნივ და მარცხნივ დიდებულ მზის მფლობელს გვერდს უმშვენებდნენ კეკლუცი და მორცხვი გაზაფხული, ნაზი ზაფხული, ბარაქიანი შემოდგომა და სუსხიანი, თეთწვერა ზამთარი.

ფაეთონტი შეჰყურებდა ძვირფას, ბრწყინვალე სასახლეს და გონს ვერ მოსულიყო, ყოველივე ამას ცხადად ხედავდა თუ სიზმრად. ჰელიოსმა დიდის თავაზიანობით მიიღო ფაეთონტი, მამობრივი სიყვარულით ოქროს სავარძელი შესთავაზა და გვერდით ჩამომჯდარ საყვარელ შვილს ლმობიერად შეეკითხა: „ჩემო საყვარელო შვილო, გულახდილად მითხარი, ვის ან რას დაეძებ მამაშენის სასახლეში“. „ბრწყინვალე და დიდებულო მამავ!... გახარებული კილოთი უპასუხა ფაეთონტმა: – ნება მომეცი ერთი რამ გკითხო. ნებას მაძლევ შენ შვილად ვიწოდებოდე? ქვეყნად არ სჯერათ, რომ მე შენი შვილი ვარ, მაგრამ, როგორც ახლა შენი სიტყვებიდან ირკვევა, მე მართლაც შენი შვილი ვყოფილვარ. ამიტომ გთხოვ, მამავ, ნიშნად ჩემი ღვთაებრივი ჩამომავლობისა, მომეც რამ სარწმუნო საბუთი“. „ჩემო საყვარელო ფაეთონტ, – განაგრძო ძლევამოსულმა ჰელიოსმა, – მე შენს შვილობაზე არასოდეს უარს არ ვიტყვი. ამიტომ მთხოვე რაც გსურს და აგისრულებ“.

„გმადლობ, საყვარელო მამავ! მაშ თუ ასეა, ერთი დღით დამითმე მზის ფრთოსანი ეტლი“ – მოკრძალებით სთხოვა ჰელიოსს სიხარულით აღსავსე ფაეთონტმა.

ჰელიოსი ფაეთონტის შეუსაბამო თხოვნამ მეტად დააღონა, მზის მფლობელი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ ფაეთონტი ფრთოსანი ეტლით მოგზაურობას ვერ შესძლებდა. „ოლიმპოს თვითმპყრობელიც კი ვერ ბედავს ჩემი ეტლით მოგზაურობას“ – მჭერმეტყველად უმტკიცებდა მამა შვილს, მაგრამ ფაეთონტი მაინც თავისას არ იშლიდა. ბრწყინვალე მზის მფლობელმა თავისი სიტყვა ვერ გატეხა და იძულებული შეიქნა ეტლი ერთი დღით შვილისათვის დაეთმო. უკვე დილის განთიადმა დაჰკრა. მეჯინიბეებმა თავლიდან გამოიყვანეს ცეცხლისმფრქვევი დარახტული ცხენები და შეაბეს მაღალთვლებიან ოქროს ეტლში. „შვილო! – მწუხარებით გამოესალმა ჰელიოსი ფაეთონტს: – ცხენებს მაგრად დაუჭირე სადავეები, მძლავრად ნუ გარეკავ, თორემ სამწუხაროდ გათავდება შენი მოგზაურობა“.

ალმასივით დალესილი ოთხი ცხენი საგზაოდ იყო გამზადებული, მოუთმენლობისაგან ელვასავით თრთოდნენ, მათი ტორების ცემა და ჭიხვინი შორს, შორს გაისმოდა.

ფაეთონტი გაბედულად ჩაჯდა ეტლში, მოიმარჯვა სადავეები, ერთი–კი განზე შეარხია მათრახი, და ცხენებმა ჩიტივით მოიტაცეს ცის სივრცისაკენ ჰელიოსის ფრთოსანი ეტლი. ეტლის პირველ შექანებაზე ცხენებმა იგრძნეს მეეტლის გამოუცდელი ხელი და ჩვეულებრივ გზას ასცდნენ. ყმაწვილი მეტად შეშინდა. შიშმა მაშინ უფრო აიტანა, როცა ცის სივრციდან დედამიწის სიშორეს ჩამოხედა. ფაეთონტს მუხლები აუცახცახდა, ძარღვები მკლავებში მოუდუნდა, თვალებში სინათლე მთლად გამოელია. გააფრთებული ცხენები ერთიანად დაგიჟდნენ და უგზოუკვლოდ მიაქროლებდნენ ეტლს. მზის ღმერთის ჰელიოსის ეტლი ხან ცის სივრცეში დატრიალებდა, ხან მიწის მახლობლად ჩამოეშვებოდა. ნაეტლარი გზა ერთიანად იბუგებოდა. ღრუბლებს ცეცხლის ალი ასდიოდა, მთის მწვერვალნი, ქალაქები, სოფლები, მინდორი და ტყეები ცეცხლის მორევში ცურავდნენ. იღუპებოდა ყველაფერი, სულიერი და უსულო. მდინარეებისა და ტბის ღმერთები შესაზარლად ქვითინებდნენ. წყალი მეტის სიცხისაგან კალაპოტებში შრებოდა. ნილოსი ადიდებული წყლის ზვირთებს შორეული ქვეყნებისაკენ ტყორცნიდა, მაგრამ შეუბრალებელი სიცხე კვალდაკვალ მისდევდა. თევზები წყლის სიღრმეს ეტანებოდნენ, მაგრამ მყუდრო თავშესაფარს აქაც ვერ პოულობდნენ, მიწა დასკდა და დაიღარა. ერთი წამიც – და მთელი დედამიწა ცეცხლისაგან უნდა დაფერფლილიყო.

ქვეყნიერება დაღუპვისაგან რომ გადაერჩინა, ღმერთების მამამთავარმა ზევსმა ჭექაქუხილი მოუვლინა ფაეთონტის ფრთოსან ეტლს და ერთიანად დაამსხვრია. ქვეყნიერება დაღუპვას გადარჩა. ფაეთონტის გაცივებული, მთლიანად შეტრუსული გვამი სამშობლოს მოშორებით იპოვეს და იქვე დაასაფლავეს.

საყვარელი შვილის სიკვდილმა ჰელიოსი მეტად შეაწუხა. ყოვლად შემძლებელი დედამიწის მანათობელი ჰელიოსი დღედაღამ მდუღარე ცრემლებს აფრქვევდა. ჰელიოსის ღვთაებრივ თვალთაგან ჩამოდენილი ცხარე ცრემლებისაგან მზე დაბნელდა და დედამიწას არ ანათებდა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, საბრალო კლიმენემ იპოვა თავისი საყვარელი შვილის ფაეთონტის განმარტოვებული საფლავი. მთელი ოთხი თვის განმავლობაში საცოდავი დედა და უდროოდ დაკარგული ყმაწვილის დები მუდამდღე მწუხარედ დასტიროდნენ ფაეთონტის საფლავს. გამვლელ–გამომვლელნი ცოდვით იწვოდნენ და საბრალო კლიმენესა და მისი ქალების მდუღარე ცრემლებს თავიანთ ცრემლებსაც უერთებდნენ.

ერთხელ დები ძმის საფლავს მწუხარედ დასტიროდნენ. უეცრივ უფროსმა დამ, ფაეთუსამ, შესაზარლად შეჰყვირა. საბრალომ იგრძნო, რომ ფეხები თანდათან უხევდებოდა. მეორე დას, ლამპეციას, ჰსურს მიეშველოს, დახმარება აღმოუჩინოს, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვრის, ხის ფესვები აკავებენ. მესამე და შიშისაგან თმას იგლეჯს, მაგრამ თმების მაგივრად ხის ფოთლები ჩამოაქვს. დები გაკვირვებით ერთმანეთს შესცქერიან და ხედავენ, რომ ისინი ხის ფოთლებით იმოსებიან. საბრალოებს მთელი სხეული ხის ქერქით და მწვანე ფოთლებით შეემოსათ, დარჩათ მარტოდმარტო ბაგენი და საყვარელ დედას კლიმენეს შველას ემუდარებოდნენ. საბრალო დედა ხან ერთ ქალთან მიიჭრება, ხან მეორესთან, ხან ერთს ჰკოცნის მხურვალედ, ხან მეორეს და მესამეს, ერთს აცლის ფოთლებს, მეორეს – ხის ქერქს, მესამეს – ტოტებს. ფოთლებისა და ტოტების ჩამონაგლეჯზე საბრალოებს სისხლის ნაკადულები ღვარებად ჩამოსჩქეფთ.

„შეგვიბრალე, საყვარელო დედავ, ხის ფოთლებს და ტოტებს კი არა ჰგლეჯ, არამედ ჩვენ საკუთარ სხეულს! მშვიდობით, მშვიდობით, ჩვენო ძვირფასო, ჩვენო საყვარელო დედავ! მშვიდობით, სამუდამოდ გეთხოვებით!“ – ერთხმად შესძახეს სასიკვდილოდ განწირულმა დებმა და მყისვე მათი ბაგენი ხის ქერქით დაიფარნენ, სამუდამოდ დადუმდნენ. სამივე და ალვის ხეებად გადაიქცა და საბრალო ფაეთონტის განმარტოვებულ საფლავს გარს შემოერტყნენ.

ირგვლივ სამარისებული სიჩუმე მეფობდა. წყნარი და საამური ნიავი ხანგამოშვებით არღვევდა იდუმალ სიჩუმეს. შოლტივით ავარდნილი ალვის ხეები კი ამ დროს მწუხარედ დასცქეროდნენ უდროოდ დაღუპულის საფლავს და განუწყვეტლივ იცრემლებოდნენ.