ელეგია (გალაკტიონ ტაბიძე)

ელეგია
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


წვიმის წვეთები დასცურავენ
ფანჯრის მინებზე,
ქარი ვედრებით კარებთან დგას:
“გამიღეთ კარი!”
რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის
მზიანი ჩრდილი,
რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა,
ჩემი სიზმარი!
დროო წყეულო, სად წარიღე
ჩემი ფიქრები!
დროო ბოროტო, სად დამარხე
ოცნება წყნარი?
მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა,
რომ მოგეწამლა
ყვავილოვანი სიყმაწვილე
და ჩემი ქნარი?
დაღონებული გავცქერივარ
ცისა დასავალს,
სადაც იშლება მოღუშული
ღრუბელთა ჯარი...
ქვითინებს ზეცა, ქვითინებენ
ცაცხვის ხეები
და გულმოკლული ქვითინებს და
ქვითინებს ქარი...
დამათრობელი - როგორც ჩემი
მოგონებები,
წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი
და ძველი ღვინო...
ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ
დავთვრე მოგონებებით,
რომ მეც საზარლად ვიქვითინო
და ვიქვითინო.
ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდ
მე ჩემი ბედი,
რად დამიმსხვრია სიყმაწვილის
წრფელი სიამე...
სადაა ჩემი ყვავილები,
სადაა რწმენა?
ზეცავ სასტიკო, მიპასუხე,
მითხარი რამე!