ეიფელის კოშკზე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



არის მთასავით კოლოსალური
მარსის მინდორზე მდგარი შენობა.
მე ავდიოდი, ვით მოხარული
სვეტებზე ადის შუქთაფენობა.
ოთხკუთხიანი ეს პირამიდა,
პარიზზე ასე განით მჭვრეტელი,
ახლაც იგონებს, როგორ ავიდა
ამ სიმაღლეზე აკაკი წერეთელი!
(ვიღაცა სწუხდა მგონი ლექსებით,
რომ გვიან შეხვდა უეცარ ალებს,
რომ დაუძლურდა, რომ ექსცესებით
ვეღარ გაართობს პარიზელ ქალებს).
მე ამ კოშკს ჩემი შევწირე მსხვერპლი
და შევიწირე, ვით სახსოვარი,
ზრუნვის საათი, ჩემი საფერფლე,
ერთიც იდეა სწორუპოვარი:
რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულს
რადიოსადგურს უსმენს პარიზი:
უთანაბრობა დროებამ შთანთქა,
ახლა ჩვენია ეს ასპარეზი!

1935 წ.