დევების ქორწილი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1886 წელი


ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,
 მთებს მოედრიკათ თავიო.
 ტყეს გასდიოდა ფოთოლი,
 ზღვა ბობოქარობს შავიო.
 დევებსა აქვის ქორწილი,
 დიდი დარბაზი ზრიალებს.
 მეც დამპატიჟეს, შევედი, -
 რა მქისე სუნი ტრიალებს?!
 სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,
 ზედ სამი ქვაბი შხიოდა,
 სტუმრების წინა ხონჩებზედ
 კაცის თავ-ფეხი დიოდა.
 უკვენას ყურეშიითა
 კვნესის ხმა გამოდიოდა:
 “ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” -
 ყმა ვინმე გამოჰკიოდა.
 უსმელ-უჭმელად გავსძეხი,
 ყელშიაც ამომდიოდა.