თარგი:Header

ვდგავარ და ვხედავ, როგორ თენდება
ეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით…
ყოველთვის ტკბილად გამახსენდება
მისი უბადლო თვალისეირი.
ერთხელ მოსული, დიდი სიჩქარით
ქრება, მიდის და თვალებს შორდება,
მაგრამ ისევე, როგორც ცისკარი,
კვლავ იბადება და მეორდება.
ეს დღე მაღლდება, როგორც სიცოცხლე,
როგორც სინდისი და ერთგულება,
დაივლის სახლებს, ჯდება მინდორზე
და გააჩაღებს მხიარულებას.
ისვენებს ხალხი, პოეტი მარტო
ფიქრობს და იწვის ლექსის მშვენებით
და ვამბობ: ქვეყნად პოეტის გარდა
ყველას ჰქონია დღე დასვენების!
პოეტი ლექსის სტრიქონებს ებრძვის
უხილავს, ფარულს, ჯერ დაუსტამბავს,
მერე წავა და შრომადღეს ეტყვის
დასვენების და გართობის ამბავს.


1938