გული გავგზავნე ქვეყნადა

გული გავგზავნე ქვეყნადა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1909 წელი


გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!
დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
ათიათასი წყლული სჭირს -
ტანჯვა-ვაების ნიშანი.
დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.
ვაებად ქმნილსა მოლხენის
აღარაფერი სცხებოდა.
ვასუსუვ-ვანუგეშებდი,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა:
ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.