გახსოვს?
გახსოვს? ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
გახსოვს, როცა შეხვდნენ, მერი,
ზღვად შენი და ჩემი ნავი,
ნორჩთა დღეთა გულთმიერი
მიარხევდა წყალს ნიავი.
შენ ციმციმი თვალთა მტყორცნე
თან ტკბილი და თანაც მწარე,
მოგეხვიე. გადავკოცნე
მე იმ სახის არემარე.
ეჰ! დრო იგი დარჩა მიღმა,
ტალღა მოსკდა, როგორც გორა.
ზღვას შეშურდა, ჩვენ სასტიკმა
ღელვამ დაგვაშორიშორა.
ძნელი როდი არის პოვნა,
რაც რამაა დაკარგული,
რადგან რასაც კარგავს ხსოვნა -
ღრმად ინახავს ჩვენი გული.
1947 წ.