გახსოვდეს მარად!
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



მიზანს, რომლითაც მე ამ ლექსს ვიწყებ,
ნისლს არ ვაკარებ, იოტის ოდენს.
გახსოვდეს მარად, ნუ დაივიწყებ,
რომ შენ ატარებ ლენინის ორდენს!

ვლადივოსტოკით ბათუმის ცამდე,
მხარეს ურყეველ კედელს ვადარებ.
შენ გაიმარჯვებ ყოველ დროს, გწამდეს,
რადგან ლენინის ორდენს ატარებ.

არხანგელსკიდან აშხაბადამდე
მე ახალს ვხედავ მთებსა და კორდებს
და ყველაფერი ქვეყნიდან ცამდე
გრჯის, რომ ატარებ ლენინის ორდენს.

დღე ხვალინდელი, დღე დღევანდელი
აღფრთოვანებას როგორ არ გრძნობდეს!
დე, ანათებდე, როგორც კანდელი,
რადგან ატარებ ლენინის ორდენს!

შენ შენი ქვეყნის ხარ მტკიცე, მკვიდრი
ბატონ-პატრონი. მობინადარე;
ვაშა სამშობლოს! მას გრძნობდე, ვიდრე
შენ უბრწყინვალეს ორდენს ატარებ.

შენი გულია უდიადესი
ქნარი, რომელიც ფანტავს აკორდებს;
ხუთი ათასი, ხუთი ათასი
ეს ჩემი ლექსიც ლენინის ორდენს.

კაცობრიობის დიდი ოცნება
წითელი დროშით მიგვიძღვის ოდეს,
როგორც უმაღლეს პატიოსნებას
იცავს უდიდეს ლენინის ორდენს.

რა მშვენიერი ალიონია!
მას ჩემი ჩანგი იცავს აფთარებრ,
მრავალზე მრავალ მილიონიან
ხალხის - ლენინის ორდენს ატარებ!