განიახლე, განიახლე!
განიახლე, განიახლე! ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
განიახლე, განიახლე, მძლეთა მძლე,
დიახ, მძლე და მშვენიერი სიმაღლე,
ჰე, მამულო! გულისთქმად ეს იახლე:
ყოველი დღე იყოს მხოლოდ სიახლე!
გუშინდელმა გაიარა გუშინა,
წინანდელმა გული ვერ შეუშინა,
დღევანდელ დღეს ბაღი შემოუშენა:
ყოველი დღე უნდა იყოს სიახლე!
ამ სიახლის სიხარული განაგებს
ახალ ველებს, ახალ დაბა-ქალაქებს.
ცოდნა, შრომა სახლ-კარს მიმოალაგებს:
ყოველი დღე უნდა იყოს სიახლე!
ეს დიდი დღე ახლა მას გვეუბნება -
ადამიანს დაემონა ბუნება,
გვმართებს კიდევ ერთხმად დაგუგუნება:
ყოველი დღე უნდა იყოს სიახლე!
აწმყო გვეტყვის: განვლილს დევგმირთა მიერ,
თქვენ გაიარეთ ნათელი გზით ამიერ!
სამშობლოს კი - ერთხმად მრავალჟამიერ!
ყოველი დღის მარადისი სიახლე!
1950 წ.