გამოსალმება
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1910 წელი


პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ,
პირიმზე, ჩრდილი რაზედ გფენია?
მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ?
შენ მაინც რაზედ მოგიწყენია?

ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი გული
ეხლა სავსეა მწამვლელ გრძნობებით?
რომ ვერასდროს კვლავ ვეღარ გიხილავთ
და სამუდამოდ გემშვიდობებით?

დამშვიდდით! მუდამ თქვენთან იქნება
ჩემი სიმღერა და წრფელი ნანა.
შემოგწირავდით ერთად ყველაფერს,
მაგრამ სხვა რაა სიმღერისთანა?

თარგი:PD-US-1923-abroad/KA