გამბედავო და მაგარო ხელო

გამბედავო და მაგარო ხელო
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



გამბედავო და მაგარო ხელო,
ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის.
როგორც მედგრად გატანილი ლელო,
როგორც სწრაფი ასრულება ნატვრის!
ერთი ვეფხვიც დღეს ჩვენამდე აღწევს:
არქეოლოგს უპოვნია მთაში,
სად უძველეს ხეებს ლეწს და აქცევს
ნანგრევთ შორის ქარიშხალი - რაში.
ივერიის ლეგენდები შოთას
იგონებენ გადმოცემით ძველით,
და სიმღერებს მრავალს, არა ცოტას,
ჩვენო მთებო, თქვენგან კიდევ ველით!
რა ბრწყინვალედ გამოხატავს შოთა
სიყვარულის და გატანის გრძნობას,
მეგობრობას, რაინდობას, ძმობას,
დაუჭკნობ ჰანგს იმ გარდასულ დროთა.
მისით გული ხელოვნების ტაძარს,
ოქროს ხანას უცნობ გზითაც იგნებს.
კიდევ მრავალს გაუმარჯოს წიგნებს!
წრფელ სინდისით გამარჯვებულ წიგნებს!
გამბედავო და მაგარო ხელო,
ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის,
ჩვენ გვახარებს გატანილი ლელო,
ჩვენ გვახარებს ასრულება ნატვრის!