გაზაფხული (1898)
გაზაფხული ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1898 წელი |
კიდევ ვეღირსე გაზაფხულს,
ციდამ მანანის დენასა;
ბუნების გამოღვიძებას,
ფრინველთ საამო სტვენასა, –
გუშინ მეგონა, დავმუნჯდი,
დრეს ისევ ვიდგამ ენასა.
ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა
პირად ჭირს, კერძო წყენასა?!
მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა
ან გულზე ჟანგი მდებოდა...
გული აძგერდა სხვარიგად:
ვნახე, ზამთარი კვდებოდა.
მტარვალად გამომცქირალი
მთებზე ყინული დნებოდა;
და ჰა სულ-გულის სიცოცხლე
სამარიდამა დგებოდა!
აყეფებულან ხევები,
ცეცხლს აკვესებენ პირითა:
ვის მუქარაზე მიდიან,
ვის აკვნესებენ ჭირითა?
იქნება მაყრები იყვნენ,
მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა?
კართანას უცდის არაგვი
ვეფხვი ალმასის კბილითა:
"მოვიდეს, ვინაც ვაჟია!"
ადრტვინებულა ჟინითა.
უროს სცემს სალსა კლდეებსა,
გაუმაძღრებსა ძილითა.
ამდგარა ამირანიცა,
კლდეში დაბმული ჯაჭვითა.
დაუბღუჯია ხმლის ვადა
მოუღალავის მაჯითა,
კვლავ სთელავს დედამიწასა
თვალ-გაუწვდენის ლაჯითა;
სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის
გმირი აწამა ბაჟითა.
საცა გავხედნებ, ყველგანა
ზღვა მოვარდნილა მწვანისა,
გულისა გამგულებელი,
დამათრობელი თვალისა.
დღეს სამოთხეში ვნეტარობ,
დარდი არა მაქვს ხვალისა.
იამაც მომცა სალამი,
დამ კვლავ ძმა იცნო თავისა.
გვერდს უდგა დიაკონაი,
როგორ ამაყად ჰყვავისა!..
მონა ვარ, მონა ბუნების,
ღონე არა მაქვს დავისა!