გაზაფხული
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1891 წელი


მიწა მაირთო მწვანითა,
გაღმა აჭრელდა ქედები;
სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი,
ჩამოდგა წვიმის სვეტები.
გათბი, გულცივო ქვეყანავ,
მზის პირს მიუპყარ გვერდები,
მიწის დუშმანო ყინვაო,
არც ახლა აიხვეტები?!
სიმღერავ, ველად გამოდი,
გულში ნუ დაიკეტები!
წეროთაც გადაიარეს,
მერცხალიც მოფრენილაო;
ოფოფა სავარცხლიანი
იმათ მოუძღვა წინაო.
ამოჩენილან ყვავილნი,
წითელ-ყვითელან ქალანი,
უხდებათ დაკუპრვილებსა
მანდილ-გრეხილნი, კაბანი.
ია ბერქუში გვიცინის,
ჟუჟუნა წვიმით ნაბანი.
არაგვმა ლახტი აიღო
ამირანისა, რა ხანი,
მილეწ-მოლეწა კლდეები,
მტკვარს გაადინა ჯახანი.
კართანას ფარი წაართვა,
ჟინვანს მოჰგლიჯა ჩაჩქანი;
დევები გაფთხენ, გაიქცნენ,
გადმოუყარეს აბჯარი.
მოქიშპე არ გაუშვია,
რო არ დაეცეს ხანჯარი.
მუხრანის ველზე მიცურავს
თავაღებული კანჯარი.
დამთვრალა სატიალეი,
მთას თოვლი დაულევია;
ორწყალში ჩამასწევია,
თათრის ჯარ დაულევია.
ბასრის გორდაის ცემითა
კლდეები გაულევია;
მთით ბარად ჩამოვარდნილა,
გზა მტკვრისკე გაუკვლევია.

თავის ბუნების ყმა რო ხარ,
არაგვო, იდღეგრძელია!
შენის ვეფხურის ტევებით
გულს წყლული გამიმთელია.
გულით ხომ გხედავ, თუ თვალით,
ვაჟო, ვერ დაგინახეო,
გენაცვალე, მთანი და კლდენი
შაგნებით შამინახეო.