აჰა, თენდება!
აჰა, თენდება! ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
აჰა, თენდება! ოქროსფერ სხივით
ენთება შენი შარავანდედი,
მტრედისფერ ცაზე სიხარულია,
მტრედისფერ ცაზე გამოჩნდა გედი.
მზისკენ - ვარდისკენ მისი სხივებით
ანთებული და ფრთანათუთქარი
ამოსაწუწნად მიდის ღრუბელი -
ლურჯი ფუტკარი.
ისარივით ზე აინავარდა
და ახმაურდა ცად პროპელერი,
მზის სადიდებლად გუგუნი ისმის,
განახლებული მღერის სოფელი.
ზეციდან ქვეყნად ეშვება ნისლი,
ქვეყნიდან ზეცად მიილტვის გული,
ო, ბუნებაო, რა ჯადო არის
შენს სიმღერებში დამკვიდრებული!