ასპინძის ომი
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი


თარგი:ციტირება

გრ. ორბელიანი

1. შესავალი


მშვენიერი სანახავია მოწმენდილი ცა განთიადის წინ. ლაჟვარდის ფერი გაუზომელი გუმბათი მოჭედილია ბრწყინვალე ვარსკვლავებითა და ესენი განუწყვეტლივ ებრძვიან ღამის სიბნელესა და ჰფენენ დაუსრულებელს სივრცეში სინათლესა და ლხენასა. ამ სასიქადულო ქვეყნის სამსახურში ყველაზე მეტად დაწინაურებულია ორი მნათობი: ცისკარი და ხარისთვალა. ესენი ჩვენს დედამიწას ისე უხვად უგზავნიან სინათლესა, რომ ბნელს ღამეს ამსგავსებენ ნათელს დღესა. ქება და დიდება ცის მნათობებსა და უპირველესად ყოვლისა მათ შემოქმედსა.

ასეთსავე საოცარს სამზერს წარმოადგენს სამოცდახუთის წლის მეფობა წარსულს საუკუნეში ერეკლე მეორისა, ანუ “პატარა კახისა”. იგი დაუსრულებელი ბრძოლაა სინათლისა სიბნელესთან, თავისუფლებისა მონობასთან, ბრძოლა, სავსე საოცარი ვაჟკაცობით, მრავალის ბრწყინვალე გამარჯვებათ შორის ორი კაშკაშებს განსაკუთრებული შუქითა. ერევნისა და ასპინძის ომი — აი ხარისთვალა და ცისკარი ერეკლეს სამხედრო მოქმედებაში.

პირველს — ერევნის — ომში ჩვენი სახელოვანი მეფე სამი ათასი კაცით შეებრძოლა თვრამეტ ათას სპარსელს ჯარსა, თავისი ხელით მოუკლა მას ერთი საუკეთესო წინამძღოლთაგანი, შიშის ზარი დასცა მტერსა, სძლია იგი, დააყრევინა ბევრი ზარბაზანი, წაართვა მრავალი სიმდიდრე და საშინლად დამარცხებული გააქცია.

მეორე — ასპინძის — ომში ისე იჩინა თავი, ისეთი საოცარი ვაჟკაცობა და სამხედრო ხელოვნება გამოიჩინა, რომ მთელი ევროპა გააცვიფრა, აღტაცებაში მოიყვანა თვით ფრიდრიხ დიდი, პრუსიის უძლეველი მეფე, და სახელად დაერქვა “ასპინძის გმირი”. ქება და დიდება ერეკლე მეფის სახელსა და დღეგრძელობა მის დამბადებელს და აღმზრდელს ქვეყანასა!

2. იმპერატრიცა ეკატერინე და ერეკლე მეფე


მე ამ ჟამად მწადია მოგითხროდ ამბავი მხოლოდ ასპინძის ომისა.

1769 წელსა რუსეთის იმპერატრიცამ ეკატერინე მეორემ ომი გამოუცხადა ოსმალეთსა. ამავე დროს მისწერა ქრისტიან ხალხებს, რომელნიც შავ ზღვას იქით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, რომ ისინიც შეიარაღებულიყვნენ, რუსეთისათვის მხარი დაეჭირათ და გალაშქრებულიყვნენ ოსმალეთზე, ამ ქრისტიანობის მტერზედა. ესევე მოსწერა იმერეთის მეფეს სოლომონსა და ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლესა. ბერძნებს, ჩერნოგორელებს, სერბიელებს, ბოლგარელებს და სხვა ხალხებს ბალკანეთის ნახევარკუნძულისას ეშინოდათ ოსმალეთისა და ყური მოიყრუეს, ომში მონაწილეობა არ მიიღეს. სრულიად სხვარიგად მოიქცა ერეკლე მეფე. მაშინვე შეუდგა სალაშქრო მზადებას და ომიც გამოუცხადა ოსმალეთსა. ესე მოიქცა ჯერ იმიტომ, რომ უნდოდა ეამებინა ეკატერინესათვის და რუსეთთან კავშირი განემტკიცებინა, და მეორე იმიტომ, რომ ამ ომიდან ის თავისი სამეფოსათვის დიდს სიკეთეს მოელოდა. ჯავახეთი და ახალციხის მხარე, ქართველი ტომით დასახლებული, უძველესი დროიდან საქართველოს ეკუთვნოდნენ; მაგრამ იმის წინა საუკუნეში ოსმალეთმა ისარგებლა საქართველოს სისუსტით, ეს ქვეყნები გამოჰგლიჯა ხელიდან და დაისაკუთრა. და აი, ერეკლეს ეწადა რუსეთის ჯარის დახმარებით წაერთმია ეს ორი მხარე ოსმალეთისათვის და შემოეერთებინა საქართველოსთანა.

უფრო კიდევ მომეტებული სიამოვნებით მიემხრო რუსეთს სოლომონ მეფე, რომელიც უამისოდაც ებრძოდა ოსმალეთსა.


3. ერეკლე მეფე და ტოტლებენი


სოლომონ მეფის და ერეკლეს მოსაშველებლად იმპერატრიცა ეკატერინემ რუსეთიდან გამოგზავნა ოთხი ათასი ჯარისკაცი, გენერალის ტოტლებენის წინამძღოლობით. ეს ჯარი გადმოვიდა კავკასიონის ქედზე სამხედრო გზით, გაიარა ქართლი და დაიბანაკა სურამსა. ერეკლემაც მალე შეჰკრიბა შვიდი ათასი კაცი, წაიღო სამი ზარბაზანი და წაიყვანა თან თავისი მემკვიდრე გიორგი და ორი ეპისკოპოზი მოძრავი საყდრითურთ... შეერთება ჩვენისა და რუსეთის ჯარისა მოხდა სურამთან. აქედან შეერთებულმა ლაშქარმა გასწია ბორჯომის ხეობისკენ ოსმალებთან საბრძოლველად. ეს იყო 1770 წლის აპრილის დამდეგსა. გზაზე მოულოდნელად ჩამოვარდა განხეთქილება ერეკლესა და ტოტლებენს შორის... რა იყო ამის მიზეზი? ტოტლებენს უნდოდა ხელში ეგდო შეერთებულის ქართველ-რუსთა ჯარის უფროსობა და თავის ნებაზე წაეყვანა საქმე. ერეკლე კი ჰფიქრობდა, რომ წინამძღოლობა და ბატონობა მე მეკუთვნის, როგორც მეფესა და გამოცდილ სარდალსაო. განხეთქილებამ თანდათან იმატა და სიძულვილად გადაიქცა. შეერთებული ჯარი მაინც წინ მიდიოდა, გაიარა ტაშის კარი, შევიდა ბორჯომის ხეობაში, ასცილდა ბორჯომსა და მიადგა აწყურის ციხესა, რომელსაც იცავდა ოსმალეთ-ლეკების ჯარი. ძველი აწყურის ციხე, აქამომდე დარჩენილი, აშენებულია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მიუვალს კლდეზე; აქვს მეტად განიერი და მაგარი კედლები და მისი აღება ძლიერ ძნელი იყო იმ დროს. ერეკლე მეფე იმ აზრზე იდგა, რომ აწყურისა და ახალციხის ციხეებისათვის მხარი აექციათ, გარეშე მყოფი ჯარი მტრისა დაემარცხებინათ, სადაც კი შეხვდებოდათ, გარშემო ქვეყნები დაეჭირათ, მეციხოვნე ჯარები გაემარტოებინათ, საჭმელ-სასმელის მიწოდება შეუძლებელი გაეხადნათ და სიმშილ-წყურვილით ბოლოს და ბოლოს დაემორჩილებინათ. ტოტლებენს კი დიდი იმედი ჰქონდა თავისი ზარბაზნებისა და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ უკეთესი იქნება ჯერ ციხეები აწყურისა და ახალციხისა ავიღოთ და მერე ეს ქვეყანა დავიპყროთო. ერეკლე იძულებული შეიქნა უნებლიედ დათანხმებულიყო, ალყა შემოარტყეს აწყურის ციხესა. ერთი მხრით მიადგა ქართველი ჯარი, მეორე მხრით რუსთა ჯარი თავისი ზარბაზნებითა. ამათ ასტეხეს ხშირი სროლა ზარბაზნებისა და თოფებისა; ციხის ზარბაზნებმა და ჯარმაც პასუხი გასცეს და გაჩაღდა ჭექა-ქუხილი, რომელსაც გარშემო ხეობა ბანს აძლევდა. მთელი ორი დღე იომეს ამგვარად და ციხეს ცოტაოდენი ზიანიც არ მისცემია. მისი უმაგრესი კედლებიდან ისე ცვიოდა მოხვედრილი ტყვია, როგორც სახლის კედელსა სცვივა შეყრილი ცერცვი. მესამე დღეს უცებ მოახსენეს ერეკლეს, რომ ტოტლებენმა ჩუმად ციხეს თავი დაანება და თავისი ჯარით ქართლისაკენ გასწიაო. საშინლად განცვიფრებული მეფე დაედევნა უკან ტოტლებენსა, მოეწია და სთხოვა: ოღონდ უკან დაბრუნდი, ნუ მიღალატებ და მზად ვარ ჯარის უფროსობა შენ დაგითმოვო და ყოველი შენი სურვილი აღვასრულოვო. ტოტლებენი უარზე დადგა. რა საბუთით? ჯერ სთქვა: ჯარისათვის საკმარისი სურსათი არა მაქვს, ცხენებისათვის, საკვებიო. ერეკლემ უპასუხა: გარშემო სოფლებში მყავს კაცები გაგზავნილი და იმდენს საჭმელს და საკვებს მოიტანენ, რომ თავზე საყრელი გექნებათო, ოღონდ უკანვე დაბრუნდით და მტერთან ერთად გავაგრძელოთ ომი. მერე სთქვა ტოტლებენმა: ბრძანება არა მაქვს ჩემი ხელმწიფისა ვიომო ახალციხის საფაშოშიო; მტერი მრავალია და ძლიერი, მე ჯარი ცოტა მყავს და საშიშია ომის გაგრძელებაო. ერეკლე მაინც ეხვეწებოდა, ტოტლებენი კი მხოლოდ ბოდიშს იხდიდა მეფის წინაშე და დაბრუნებაზე კი ცივს უარს ეუბნებოდა. მაშინ ბატონიშვილი გიორგი, ერეკლეს უფროსი შვილი, მოთმინებიდან გამოვიდა და უთხრა თავისს მამასა: დაანებე თავი, წაეთრიოს სადაც უნდა, ჩვენ მარტონიც გავიმარჯვებთ მტერზე და მაგას თავზე ლაფს დავასხამთო.

ტოტლებენი ქართლისკენ გამოეშურა, ერეკლე კი ისევ დაბრუნდა თავის ჯართანა. ერეკლე ასე ხსნიდა ტოტლებენის საქციელსა: ალბად მას იმედი აქვს, რომ მე ვითაკილებ უკან დახევასა, შევებრძოლები ოსმალთა ჩემი მცირე ჯარითა, დავმარცხდები, ჯარს დავკარგავ, მეც დავიღუპები ჩემი მემკვიდრითურთ და მაშინვე ჩემს სახელმწიფოში ბურთი და მოედანი მას დარჩებაო.



4. ნაყოფი ტოტლებენის ღალატისა


რუსთა ჯარის უკან მოქცევამ ძლიერ ცუდად იმოქმედა ქართველებზე. ესენი ისე გაბრაზდნენ, რომ კინაღამ საშინელი საცოდაობა არ დატრიალდა. ერეკლესთან შუაკაცად გამოგზავნილი იყო რუსეთიდან თავადი მოურავოვი, გარუსებული ქართველი, შვილი რუსეთში გადასახლებული ქართველისა. ეს მოურავოვი დაიბადა რუსეთში, იქ აღიზარდა და სამსახურშიაც იქვე შევიდა. მან რუსულის ენის გარდა ქართულიც იცოდა და ამიტომ კარგათ შეეძლო შუაკაცობა გაეწია რუსეთსა და საქართველოს შორის. ამ მოურავოვს თან ახლდნენ რუსის მოსამსახურენი და რამდენიმე კაზაკი. და აი გულმოსულნი ქართველნი ჯარისკაცნი მიესივნენ ამ რუსებსა და მათზე უნდა ეყარნათ ტოტლებენის ჯავრი. მაგრამ ერეკლემ და სხვებმა ჯარს აუხსნეს, რომ ტოტლებენი ჩამომავლობით რუსი არ არის, რომ იმან წინეთ რუსეთსაც უღალატა, რის გულისათვის კინაღამ დახვრიტეს, რომ რუსეთის აფიცრები და ჯარისკაცნი თვითონაც ძლიერ გულმოსულნი არიან თავის წინამძღოლზე, მაგრამ უნდა მორჩილობა გაუწიონ, როგორც თავის უფროსსაო. ძლივ-ძლივობით დააშოშმინეს ჯარი.

ტოტლებენის მოულოდნელმა საქციელმა სხვა შედეგიც დაბადა. ქართველი ჯარი საგონებელში ჩავარდა. ეტყობა, ოსმალოს დიდი ჯარი ჰყოლია, რომ ტოტლებენს შეეშინდა, ზურგი მტრისკენა ჰქნა და ქართლისაკენ გასწიაო. ამ შეძრწუნებით ისარგებლეს ოსმალებმა, უცებ გამოვიდნენ ციხიდან, დაესხნენ თავს ქართველებსა და თუმცა ბრძოლის შემდეგ უკუქცეული იქნენ, მაგრამ ოთხმოცამდე ქართველი ტყვედ შეიტაცეს ციხეში.

მდგომარეობა ძლიერ გაჭირვებული იყო. ხოლო სწორედ ამისთანა გაჭირვებულ შემთხვევაში გამობრწყინდებოდა ხოლმე ერეკლეს საოცარი გავლენა ჯარზე. რამდენიმე მარჯვე სიტყვით ერეკლე ყოველ თავის ჯარისკაცში სრულიად გააქრობდა ხოლმე შიშსა და ჩაჰბერავდა ვაჟკაცობის და მამაცობის სულსა, მხდლებსაც კი გმირებად გადააქცევდა ხოლმე...

მეფემ დაუარა თავის ჯარსა, მოაგონა, რომ ქართველებს თავისი საკუთარი ძალ-ღონით და ვაჟკაცობით მრავალჯერ დაუმარცხებიათ ათჯერ და ოცჯერ მათზე მეტი მტერი, და ბოლოს უთხრა: ჩვენ ან უნდა გავიმარჯოთ მტერზე, ან მთლად დავიხოცნეთ აქა. ისე დაბრუნება კი სამშობლოში ჩვენთვის თავზე ლაფის დასხმა იქნება. რა უნდა ვუთხრად ჩვენს დედებს, ჩვენს ცოლებს, ჩვენს დებსა, მთელს ქართველობას, როცა ხელცარიელნი მივალთ შინა. განა ამისთანა ლაჩრობა ქართველებს შეჰფერის? არა, ძმებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც წინეთ მოვქცეულვართ, როგორც შეჰფერის ქართველთა მამაცობას და ვაჟკაცობას. წინ და არა უკან...


5. ქართველი ჯარი როკეტის გზაზე


თბილისიდან რომ გამოვიდა ერეკლე, მხოლოდ სამი ზარბაზანი წამოიღო თან, რადგანაც ტოტლებენის ზარბაზნების იმედი ჰქონდა, სამი ზარბაზნით კი აწყურის ციხის აღება ყოვლად შეუძლებელი იყო მოკლე ხანში... ერეკლე საგონებელში ჩავარდა და არ იცოდა, აწყურთან დარჩენილიყო დროებით, თუ წინ წასულიყო ახლავე. ამ დროს მას ჯავახებმა ამბავი მოუტანეს, რომ ოსმალოს ჯარი ასპინძის მოკლე გზით აპირობს მოეშველოს აწყურსაო.

აქ საჭიროდ მიგვაჩნია გაუწყოთ, რომ ასპინძისაკენ აწყურიდან ორი გზა მიდიოდა: ერთი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეორე მარჯვენაზე. პირველი გზა იყო შარა გზა, განიერი და სწორი, მაგრამ ძლიერ გრძელი. მას ერქვა ახალციხის გზა. ამ გზით რომ წასულიყო ერეკლე, ჯერ ახალციხემდის უნდა გაევლო ოცი ვერსი, მერმე ახალციხიდან აღმოსავლეთისაკენ ექმნა პირი, გაეარნა კიდევ ოცდაათი ვერსი და მისულიყო ასპინძასა. მეორე გზა მეტად მოკლე იყო, ასპინძამდის სულ ოცს ვერსს შეადგენდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიწრო იყო, ოღროჩოღრო. უმეტესად მთა-მთა მიდიოდა და ძლიერ აბრკოლებდა თავისუფალს მოძრაობასა, სიარულსა. ერეკლემ ეს ძნელი გზა არჩია, რადგანაც მტერი თურმე ამ მოკლე გზით აპირებდა მოშველებოდა აწყურსა. ამ მოკლე გზას როკეტის გზა ერქვა, რადგანაც როკეტის მთაზე გადადიოდა.

6. ქართველი ჯარის განსაცდელი იდუმალასთან


ერეკლემ აჰყარა ალყა აწყურს. დასძრა თავისი ჯარი და გაუძღვა როკეტის გზაზე. ჩვენი ჯარი ძლიერ ნელა მიდიოდა ცუდ და უცნობი გზის გამო. შეიტყო თუ არა ალყის აყრა აწყურის ციხეში მყოფმა მტრის ჯარმა, იგი, უმეტეს ნაწილად, გამოვიდა სიმაგრიდან, უფრო მოკლე გზა აირჩია, გაუსწრო წინ ჩვენ ჯარსა, წინ უყელა, შეუერთდა თავიანთ ჯარს, ასპინძის ახლო მყოფსა, შეადგინა ორი ათასი ლაშქარი და უცებ თავს დაესხა ქართველ წინა ჯარსა იდუმალას მახლობლად. ბლომა ნაწილი ჩვენი ჯარისა უკან იყო დარჩენილი, წინა ჯარსაც მტერმა მოასწრო უხერხულს ალაგს, მოულოდნელად მიიტანა მასზე იერიში და ამიტომ ჩვენი ჯარი აირია, შეძრწუნდა და ზურგი აქცია მტერსა. საშინელი დამარცხება ვერ ასცდებოდა ქართველთა ჯარსა, თუ რომ მეფის სამაგალითო გულადობას არ ეხსნა იგი დიდის განსაცდელისაგან. ერეკლე პირადად გაექანა “რაოდენიმე ჩინებულითა და შინა ყმითა თვისითა და შვიდით ხევსურითა, განსწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად, ვიდრე სიკვდილამდე”... გამოქცეული ჩვენი ჯარი, როცა მან თავისი უსაყვარლესი მეფე განსაცდელში დაინახა, გონზე მოვიდა, ისევ აივსო მამაცური გამბედაობით, მიუბრუნდა მტერსა, დაესხა თავსა და საშინლად დაამარცხა. მტრის ორი ათასი კაციდან ათასმა ძლივს უშველა თავსა გაქცევითა. ნახევარი ჯარი ოსმალ-ლეკებისა ბრძოლის ველზე დარჩა დახოცილი და დაჭრილი.

ამ შემთხვევაში ერეკლე უნებლიედ მოგაგონებთ იულიუს კეისარსა, პირველს სარდალს ძველის დროისას. როცა ისპანიაში პომპეუსის შვილების ჯარმა ზურგი აქნევინა კეისარის ჯარსა და გამოაქცია, ეს სწრაფად მოაჯდა თავის ცხენსა, მჭეხარი ხმით შესძახა: “განა ამ ბალღებს უნდა დავემარცხებინოთო!” და იერიში თვითონ მიიტანა მტერზე. გაქცეულმა ჯარმა რომ თავისი უძვირფასესი წინამძღოლი დაინახა საშინელს ხიფათში, მობრუნდა, მამაცურად შეება მტერსა და საშინლად დაამარცხა.


7. დაბანაკება ჩვენი ჯარისა ასპინძის სერებზე


ხოლო მთავარი განსაცდელი ერეკლესი ჯერ წინ იყო. ამ ომს შემდეგ არ გასულიყო რამდენიმე საათი და დაღალულს ჯარს ჯერედ არ დაესვენა, რომ ერეკლეს ამბავი მოუტანეს: შენზე ახალციხიდან მოდის მთავარი ჯარი ოსმალ-ლეკისა, რიცხვით ათი ათასი, და რამდენიმე საათის შემდეგ გამოვა მტკვარსა და თავს დაგესხმებაო. ამ დროს ერეკლეს თანა ჰყავდა სულ ოთხი ათასი მეომარი, დანარჩენი ზოგი სურსათზე იყო წასული, ზოგი უკან იყო დარჩენილი და ზოგიც ჭრილობით და ავადმყოფობით იყო შეპყრობილი. სამწუხაროდ, ეს ოთხი ათასი კაციც მარტო ქართველთაგან როდი იყო შემდგარი. მათში ერია ათასი ბორჩალოელი თათარი, რომელთაც ერეკლე სავსებით ვერ ენდობოდა. ამაზე უფრო გაჭირვებული მდგომარეობა განა ძნელი წარმოსადგენია? სამი ათასი ქართველი უცხო ქვეყანაში უნდა შებრძოლებოდა ათი ათასს მტრის ჯარსა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ ამისთანა უკიდერესს გაჭირვებაში თავს იჩენდა ხოლმე ერეკლეს საოცარი ნიჭი სარდლისა... ერეკლემ კარგად იცოდა, რომ მარჯვე პოზიცია, მოხერხებული საომარი ადგილი ყველაზე მომეტებულად იყო საჭირო გამარჯვებისათვის ამისთანა ძალთა უსწორობაში. და სწორედ ამისთანა პოზიციის ამორჩევას და დაჭერას დაეშურა დაუყოვნებლივ. მეფემ გაიარა იდუმალა და მიმართა ასპინძის მაღლობებსა. ეს მაღლობები ჩამწკრივებული იყო იდუმალასა და ასპინძას შუა მტკვრის მარჯვენა ნაპირასა; მტკვარსა და ამ მაღლობებ შუა სულ ორი ვერსის სიგანე ვაკე იყო დარჩენილი და აი სწორედ ეს სერები აირჩია ერეკლემ საომარ ადგილად და აქ ჩაასაფრა თავისი მცირე ჯარი.

მეფეს ჯარი გაყოფილი ჰყავდა სამ ნაწილად; ერთს ნაწილს თვითონ განაგებდა, მეორეს უწინამძღვრებდა მემკვიდრე საქართველოს ტახტისა გიორგი ბატონიშვილი, უფროსი ვაჟი ერეკლესი, და მესამე ნაწილის უფროსი იყო დავით ორბელიანი. შუა მაღლობები ერეკლემ დაიჭირა თავისი ჯარითა, მარცხენა მაღლობზე გამაგრდა ორბელიანი, მარჯვენაზე — ბატონიშვილი გიორგი, რომლის პოზიცია კარგა მანძილზე იყო მოშორებული. ბატონიშვილს ნაბრძანები ჰქონდა მამისაგან, რომ თავისი ჯარით ომში მონაწილეობა თავდაპირველად არ მიეღო, თავისი ძალღონე შეენახა შემდეგისათვის და გაჭირვების დროს, ან ბოლოს ხანს, დასვენებული ჯარით იერიში მიეტანა მტერზე.

ჯერ ქართველი ჯარი კარგად არ იყო დაბინავებული ასპინძის მაღლობებზე, რომ თათრის ჯარმა დაიწყო გამოსვლა ხიდზედა, რომელიც ასპინძის ზემო მტკვარზე იყო გაკეთებული ჩქარა მთლად აავსო გრძელი და ვიწრო ვაკე და მიუახლოვდა ქართველ ჯარსა. მაგრამ ღამემ უსწრო და ომი შემდეგის დღისათვის იქნა გადადებული.


8. ასპინძის ომი


ორივე მხარე მთელს ღამეს საომრად ემზადებოდა. გათენდა თუ არა, თათრების ჯარმა წინ წამოწევა იწყო და, რაწამს თოფის მანძილზე მიუახლოვდა, ასტეხა ხშირი სროლა. ტყვია ხოშკაკალასავით მიდიოდა ქართველი ჯარისკენ, მაგრამ მხოლოდ კლდეებს ადენდა მტვერსა, ჩვენს ჯარს კი ვერას აკლებდა, ისე ოსტატურად იყო ჩამწკრივებული და ამოფარებული სერებზე. მტრის ჯარი დაიმედებული იყო, რომ ერეკლეს მცირეოდენ ჯარს მთლად ხელში იგდებდა, და ამ იმედს ისიც უძლიერებდა, რომ ქართველების მხრივ ჯერ ერთი თოფიც არ გავარდნილიყო. მტერმა ეს შიშს დააბრალა და უფრო მეტი იმედი მიეცა, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ეს ოსტატობის ხერხი იყო და არა შიშის ბრალი. ერეკლესაგან ქართველ ჯარს ნაბრძანები ქონდა: ერთი თოფიც არ გაისროლოთ, ვიდრე მტერი ახლოს არ მოვაო და მაშინ კი ერთბაშად ასტეხეთ ხშირი და მარჯვე სროლაო.

აი ოსმალ-ლეკებმა სროლით ძლიერ ახლო მოატანეს ქართველ ჯარსა. უცებ ანიშნა ერეკლემ, დრო არისო, და დაიჭექა ჩვენების თოფებმა, მარჯვედ დამიზნებულმა. თითქმის ყველა ტყვია თავის დანიშნულებას ეწია: პირველი რიგი მტრის ჯარისა ისე დაემხო დედამიწაზე, როგორც ცელით ძირში მოჭრილი გამხმარი ყანა იქცევა ძირს. მეორე რიგმა მტრის ჯარისამ, გამოცდილმა და გაფოლადებულმა ომებში, წარბიც არ შეიხარა, მამაცურად გადააბიჯა მკვდრებსა და დაჭრილს ამხანაგებზე და ჩასდგა პირველს რიგში... ხოლო მანამ გასროლას მოასწრებდა, ხელმეორედ იგრიალა ქართველთა თოფებმა და ეს რიგიც ჭერეხებივით მიწაზე დაემხო. მას ვაჟკაცურად გადმოაბიჯა მტრის მესამე რიგმა და დადგა წინ. სერებიდან მესამედ დაგრიალებულმა თოფებმა ამათაც ის დღე დააყენა. მაშინ მეოთხე რიგი შედრკა და ადგილიდან ფეხი ვეღარ მოიცვალა, მაგრამ არც აქ დააყარეს ხეირი ქართველებმა. წინა რიგები მტრის ჯარისა ხომ ასე იჟლიტებოდა, არც უკან რიგებს ადგათ უკეთესი დღე. ორი ათასი თოფი ქართველის ჯარისა სეტყვასავით აყრიდა ტყვიას თავზე ოსმალ-ლეკებსა. საქმეს ისიც უფრო უჭირებდა მტერსა, რომ ტყვია, მაღლობებიდან ქვემოთ დაშვებული, სულ თავ-პირში ხვდებოდა ორკეცი ძალითა. რადგანაც ვიწრო ღელე მჭიდროდ იყო გაჭიკნილი მტრითა, ამიტომ თითქმის არც ერთი ქართული ტყვია ტყუილად არ იკარგებოდა. ხმლით იერიშის მიტანა ოსმალ-ლეკებს იმის გამოც არ შეეძლოთ, რომ ხმალში ქართველები ძლიერ მარჯვენი იყვნენ და თავისი მაღლობი ადგილებიდან სულ ადვილად ამოსჩეხდნენ ახლო მისულს მტერსა. ოსმალ-ლეკების ჯარი ძლიერ გაჭედილი იყო ღელეში, თავისუფალი მოძრაობა არ შეეძლო და ეს გარემოება კიდევ უფრო უშლიდა ხელსა. ქართველებისაგან კი მოდიოდა და მოდიოდა ზუზუნ-ზუზუნით ტყვია და ათხელებდა მტრის ლაშქარს. ოსმალ-ლეკნიც აუარებელს ტყვიას ჰგზავნიდნენ ზეით ქართველებისაკენ, მაგრამ კლდეებს თუ ამტვრევდნენ, თორემ მარჯვედ ჩასაფრებულს ჩვენს ჯარს ვერას აკლებდნენ, როგორც ზემოდაც შევნიშნეთ.

მტრის ჯარი თანდათან მცირდებოდა და შიშს მიეცა. მისი სარდალი დარწმუნდა, რომ ამ მიუვალ პოზიციაზე ქართველებს ვერას დავაკლებთ და ჩემს ჯარს მათ გავაჟლეტინებო. ამიტომ გადასწყვიტა: უკან-უკან დაეწია თავისი ჯარით, ხელახლად გაესხა იგი ხიდზე, მარცხენა ნაპირი მტკვრისა ჩაევლო, ქვემოთ სადმე ფონი ენახა, ამ ფონში გაესხა თავისი ჯარი, უკანიდან მოეარნა ქართველი ჯარისათვის და დაემარცხებინა იგი. თათრის ჯარმა თანდათან იწყო უკანდახევა, თუმცა თოფის სროლას არ აკლებდა. მაშინ ერეკლეს ბრძანებით ქართველი ჯარი აიშალა მაღლობებიდან და თოფების ჭახაჭუხით ქვემოთ ღელეში ჩამოეშვა. თათრის ჯარმა რომ ეს დაინახა, შედგა, წინვე იწყო წამოსვლა და ხელახლად გააჩაღა ომი. ერეკლემ აფრინა კაცი გიორგი მემკვიდრესთან, რომ თავისი ჯარი მოეშველებინა; მაგრამ ის, რაღაც უცნაურის მიზეზის გამო, ადგილიდან არ დაიძრა. ომი მეტად გამწვავდა. ერთ მხრივ იბრძოდა ათი ათასი თათარი, მეორე მხრივ, — ორი ათასი ქართველი.

9. კოხტა ბელადის მოკვლა ერეკლეს მიერ

და საშინელი განადგურება მტრისა...


უცებ დაიძრა მტრის ჯარიდან ათასი ცხენოსანი ლეკი და ხმალამოღებული ნიავსავით გამოექანა ქართველი ჯარისაკენ იერიშის მოსატანად. მას წინ მოუძღოდა, მოჰქროლავდა ახოვანი ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე მჯდომი, კოხტა ბელადი, პირველ მეომრად ცნობილი მთელს დაღისტანში. კოხტა მისმა ბედაურმა კარგა მანძილზე დააწინაურა. ჩვენი მხრიდანაც ისკუპა ცეცხლსავით სწრაფმა მერანმა და გაექანა კოხტასაკენ. ამ მერანზე იჯდა მშვენიერი შუატანის და შუახნის ვაჟკაცი, ცოტა ბეჭებში მოხრილი, არწივისებურის თვალების პატრონი, მდიდარს ტანისამოსში გამოწყობილი; ამ ვაჟკაცს ყველა მოძრაობაში ეტყობოდა საოცარი სისწრაფე და სიმარჯვე... ეს იყო ერეკლე მეფე, რომელიც ხმალამოღებული მიისწრაფებოდა გამოქანებულის მტრისკენ. ერეკლეს ხმალამოღებულივე მოსდევდნენ შვიდნი წინათ ხსენებულნი სახელოვანნი ხევსურნი და სხვა ცხენოსანნი. დადგა საშინელი წამი. ჩქარა ორივე ბედაურნი თითქმის ერთმანეთს შეეხალნენ. ერეკლესა და კოხტას ხმალმა ერთსა და იმავე წამს გაიელვა ჰაერში. დამიზნებული ხმალი კოხტასი ერეკლემ მარჯვედ აიცდინა და თავისი ბასრი ხმალი დასთხლიშა საკვირველი სისწრაფით მტერს თავზე. კოხტას მზე დაბნელდა ბასრი მახვილით თავგაპობილი და თქრიალა სისხლში მოსვრილი, იგი მოსწყდა თავის მერანსა და დედამიწაზე ზღართა მოიღო. მაშინვე გაისმა ლომებრივი და მტრის სიკვდილის მომასწავებელი ხმა ერეკლესი: ხმალი ამ წუნკალებსაო! ქართველი ცხენოსანი ჯარი, აღტაცებაში მოყვანილი მეფის საოცარი მამაცობით და სიმარჯვით მიესია მტერსა და დაუწყო უწყალოდ ჩეხა. კოხტას მოკვლამ, საზარელმა ჭიხვინმა მისი ბედაურისამ, რომელიც უპატრონოდ გადარეული დარბოდა ოსმალ-ლეკების წინა, საშინელი თავზარი დასცა მტერსა, მოადუნა, დააუძლურა და ბრძოლის ძალა წაართვა მთლად. ჩვენი ქვევითი ჯარიც მიესია თავზარდასხმულს ოსმალ-ლეკების ლაშქარსა და სულ მუსრი გაავლო. მტერი სწრაფად იწევდა უკან და მას მხოლოდ ცოტათი ამხნევებდა ის იმედი, რომ ხიდამდის მივაღწევ, მტკვრის იქითა ნაპირს გავალ და გაქცევით თავს ვუშველიო. გარნა უბედურმა მტერმა არ იცოდა, რომ შორსმჭვრეტელი ერეკლე ამისთანა წინდაუხედაობას თავის დღეში არ ჩაიდენდა. უცებ მოისმა საცოდავი ხმაურობა მტრის უკანა ჯარში, როცა იგი ხიდს მიუახლოვდა. ამ ხმაურობამ ჩქარა უწია წინა ჯარამდის. რა ხმაურობა და ჟრიამული იყო ესა? ეს ხმაურობა ჰფენდა მტრის ჯარში საზარელს ამბავს — ხიდის ჩაშლას მტკვარზე.

ადვილად მიხვდებით, რომ ხიდი ქართველებისაგან უნდა ყოფილიყო გაფუჭებული. და ასეც იყო. თავდაპირველადვე ერეკლეს სრული იმედი ჰქონდა მტერზე გამარჯვებისა და უნდოდა გასაქცევი გზა შეეკრა იმისთვის. ამიტომ წინაღამეს უბრძანა სამს რჩეულს ვაჟკაცს — ჩუმად წაესხათ რამდენიმე ჯარის კაცი, შეუმჩნევლად მიპარულიყვნენ ხიდთან და გაეფუჭებინათ. ეს ვაჟკაცნი იყვნენ: აღაბაბ ერისთავი, სვიმონ მუხრან-ბატონი და ხუდია ბორჩალოელი. ამათ ისე ოსტატურად და სწრაფად შეასრულეს ღამის სიბნელეში მეფის ბრძანება, რომ მტერს სრულიად არაფერი შეუტყვია. მეორე დღესაც ოსმალ-ლეკთათვის ეს გარემოება შეუმჩნეველი დარჩა, რადგანაც ხიდი ჩაფუშული როდი იყო, არამედ გადახერხილი ქონდა თავხეები. რაწამს პირველი რიგი გაქცეული თათრის ჯარისა შესდგა ხიდზე, თავხეები ჩაიმტვრა, ხიდი ჩაიშალა და თან ჩაიტანა უბედურნი... ხიდის ჩაშლის ამბავმა მტრის ჯარს მთლად წაართვა ძალა, გარდააქცია მხდალ ცხვრის ფარად და მისცა სასოწარკვეთილებასა. ქართველები კი მეფის სამაგალითო გამარჯვებამ და საოცარმა ვაჟკაცობამ სიმამაცით აავსო და ლომებად აქცია. და, აბა, მშიშარა ცხვრები რაღას გააწყობდნენ გააფთრებული ლომების წინააღმდეგ. სხვა გზა რომ აღარა ჰქონდათ, ოსმალ-ლეკები ცვივოდნენ მტკვარში იმ იმედით, ეგები როგორმე იქით ნაპირს გავაღწიოთო. მაგრამ ტყუილად. მაშინ აპრილი იდგა, წყალდიდობა იყო, მტკვარი აზვირთებული მოქუხდა და ამიტომ მასში გასვლა ძლიერ ძნელი იყო. და ან როგორ შეეძლოთ გაეღწიათ იქით, როდესაც ერთმანეთს ელალებოდნენ, პირველს რიგს, ჩაცვივნულს მტკვარში, მეორე რიგი ზემოდან ეცემოდა, მეორეს მესამე და ერთმანეთს აძირვინებდნენ მტკვარსა, ირჩობოდნენ, იღუპებოდნენ. ერთი მხრივ მტერი იჟლიტებოდა ქართველთა ხმლითა და ხანჯლითა, მერე მხრივ ადიდებული მტკვარი ნთქავდა მას თავის ზვირთებში. მტკვარი ისე გაივსო დამრჩვალი ოსმალ-ლეკებითა, რომ ბევრს ადგილს ნაპირებიდან გადმოვიდა. ამასთან მთელი მდინარე წითლად შეიღება ნაკადულებად დაღვრილი სისხლისაგან.

იმდენი ჯარი ოსმალ-ლეკებისა თითქმის მთლად დაიღუპა. სამი ათასი კაცი შეიქმნა მსხვერპლი ქართველთა იარაღისა და მოჰფინა ბრძოლის ველი. სხვანი ჩანთქა მტკვრის ზვირთებმა. მხოლოდ ორმოცამდე კაცი გადარჩა. ესენი ადრიანად შეცვივდნენ ბედაური ცხენებით მტკვარში, რის ვაი-ვაგლახით გააღწიეს იქითა ნაპირასა და გაქცევით უშველეს თავსა. სამოცამდე მეომარი ტყვედ ჩაუვარდათ ქართველებს ხელში. ბევრი წარჩინებული მტერი და მრავალი საუკეთესო ვაჟკაცი, ოსმალო თუ ლეკი, გამოესალმა წუთისოფელსა. ოსმალთა მხრივ აქ მოკლულ იქმნა გოლა-ფაშა და სრულიად ამოსწყდა მთელი ბეგობა ახალციხის საფაშოსი. ლეკთაგან, გარდა კოხტა ბელადისა, აქ დაიხოცნენ სამნი წარჩინებულნი ბელადნი, მთელს დაღისტანში ცნობილნი საუკეთესო ვაჟკაცებად, და ათასამდე რჩეულნი ცხენოსანნი. მთელი საომარი იარაღი, ზარბაზნები, ფული, თვალმარგალიტი, ცხენები და სხვა სიმდიდრე მტრისა ქართველებს ჩაუვარდათ ხელში.

ქართველებს როგორღა დაუჯდათ ეს სახელოვანი გამარჯვება: ძვირად, თუ იაფად? ძალიან იაფად, ისე იაფად, რომ კაცი ძნელად დაიჯერებს, თუ კარგად არ იცის ამ ომის ამბავი და ერეკლე მეფის უმთავრესი ღირსება. მოიკლა ასპინძის ომში მხოლოდ ოცდაათი ქართველი და ასიოდე დაჭრილი იქმნა. მოკლულებში არც ერთი გამოჩენილი გვამი არ მოიპოვებოდა; მხოლოდ დაჭრილებში ერია ორი სახელოვანი სარდალი: ჯარის ერთი უფროსთაგანი ალექსანდრე ციციშვილი და იასე ერისთავი.

მაგრამ განა მარტო ასპინძის გამარჯვება დაისვა ასე იაფად პატარა კახმა? არა, იგი ყოველს მოგებულს ომში ჰკარგავდა მხოლოდ მცირეოდენს ჯარსა, დიდს გამარჯვებას პატარა მსხვერპლით ახერხებდა, მრავალს მტერს მცირეოდენი ძალით ამარცხებდა, პატარა ღონისძიებით ბრწყინვალე წადილს ეწეოდა და სწორედ ამაში მდგომარეობს უზენაესი ღირსება სარდლისა. ეს ღირსება მეტადრე საჭირო იყო იმისთანა პატარა ქვეყნისათვის, როგორიც იყო და არის საქართველო.

ოსმალოს ჯარის ამოჟლეტის შემდეგ ერეკლეს გზა სრულიად გახსნილი ჰქონდა ახალციხისკენ და ამ ქალაქის აღება მას სრულიადაც არ გაუჭირდებოდა. მაგრამ ერთმა გარემოებამ ხელი სრულიად მოუცარა. საქმე ის არის, რომ ქართლიდან ამბავი მოუვიდა: ტოტლებენი მოწადინებულია თბილისში ჩავიდეს თავისი ჯარით, გააუქმოს ბაგრატიონთა მეფობა, შეუერთოს საქართველო რუსეთსა, დააფიცოს ქართველობა რუსთა იმპერატორის ერთგულებაზე და თავისი თავი საქართველოს მთავარ მმართველად გამოაცხადოსო. “გამართლდა, სავსებით გამართლდა ჩემი ეჭვი”, — სთქვა ერეკლემა და თავისი ჯარით დაუყონებლივ გამოეშურა თავისი სატახტო ქალაქისაკენ, პირდაპირი გზით ჯავახეთზე...


10. შემაძრწუნებელი ჭორი


სწორედ იმ დღეს, როდესაც ისე ბრწყინვალედ იმარჯვებდა ერეკლე მტრებზე, საქართველოს სატახტო ქალაქს თბილისში გავარდა საზარელი ხმა: მეფე თავისი ჯარით მთლად დაღუპულა ახალციხის ახლოო.

რამ დაბადა ეს ჭორი და საიდან გაჩნდა? როდესაც ქართლში დაბრუნდა ტოტლებენი რუსის ჯარით და ერეკლე კი არსადა სჩანდა, ხალხში ეჭვი დაიბადა, — ვაითუ ერეკლეს უბედურება რამ შეემთხვაო. ეჭვი ჩქარა გარდაიქცა სამწუხარო ჭორად, რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ რუსები ავრცელებდნენ ქართლში: ერეკლე, მარტოდ დატოვებული მტრის ქვეყანაში, დაღუპვას ვერ ასცილდებაო. ამას ისიც დაერთო, რომ ქართველს ჯარზე სრულიად არაფერი ამბავი არ ისმოდა. ამ ჭორმა, დაბადებულმა ზემო ქართლში, სწრაფად იარა, იზარდა, თბილისამდის მოაღწია და ყველას თავზარი დასცა.

დედოფალს დარეჯანს, რომელიც მაშინ თბილისში ცხოვრობდა, ვერავინ უბედავდა ამ საზარელი ამბის მიტანასა. ბოლოს ერთი პატივცემული მანდილოსანი ბექთაბეგიანთ ქვრივი, რომელიც დედოფალთან ძლიერ მიჩნეული იყო, აშფოთებული გაეშურა სასახლისაკენ, წარსდგა დედოფლის წინაშე და მდუღარე ცრემლისღვრით მოახსენა დარეჯანსა: “დედოფალო, შენი ჭირიმე, ჩქარა ავიყარენით აქედგან, ტყეში სადმე გავიხიზნოთ, მეფე თავის ჯარით დიდს საშინელებაში ჩავარდნილა”. ელდანაცემი დედოფალი მაშინვე წამოდგა ფეხზე, გაიძრო წუღები, ფეხშიშველა გამოვიდა გარეთ და სიონისაკენ გაეშურა, რათა მხურვალე ცრემლით შეევედრებინა უფლისათვის თავისი მეუღლე მეფე, იმისი ჯარი და მთელი საქართველო. დედოფალს უკან დაედევნა მთელი სახლობა მეფისა: ქალები ფეხშიშველები და კაცები ქუდმოხდილნი მიისწრაფოდნენ სიონისაკენა. ქალაქელებმა თავი ანებეს საქმეებს და ქალით-კაცამდე სიონს მიადგნენ შეძრწუნებულნი. ყველანი მხოლოდ ღვთისგან მოელოდნენ ნუგეშსა და შველასა და მდუღარე ცრემლით ევედრებოდნენ. ეს შიში იმანაც უფრო განაძლიერა, რომ მტკვარს უცებ სისხლის ფერი მიეცა. ვაიმე, ეს ჩვენი ჯარის სისხლი უნდა იყოსო, — იფიქრა ყველამ და მწუხარებამ უფრო იმატა. ამ მწუხარებაში განვლო მთელმა ღამემ, ღამემ საშინელმა. მეორე დღეს ადიდებულის მტკვრის ზვირთებმა ჩამოატარა მრავალი დამრჩვალი, და აღმოჩნდა, რომ ესენი ყველანი ოსმალნი და ლეკები იყვნენ და მათში არც ერთი ქართველი არ ერია. მაშინ კი როგორც დედოფალი, ისე მთელი თბილისი დარწმუნდა, რომ ერეკლესი და მისი ჯარის დაღუპვა ჭორი იყო, და გლოვა სიხარულად გარდაექცათ. მესამე დღეს ეს სიხარული უცებ საზარელ შიშზე შეიცვალა. თბილელებმა სოლოლაკის მთაზე დაინახეს ოსმალურ ტანისამოსში გამოწყობილი მხედრობა. ვაი ჩვენ, მტერი შემოგვესიაო, — გაისმა თბილისის ქუჩებში, მაგრამ მალე შეშინებულს ქალაქს მოესმა ამ ჯარისაგან მშვენიერი ქართული საომარი სიმღერა:


“ვისაც მოუკლავს, ის მოჰკლავს ნადირსა შავი ტყისასა;

ვინც დახვდა, იგივ დახვდება გულდაგულ რაზმსა მტრისასა”.


დიდი შიში დიდ გაოცებად გადაიქცა. ხოლო ამ გრძნობამაც მალე დაუთმო ადგილი სხვა სულის მოძრაობას — უძლიერეს სიხარულსა, აღუწერელს აღტაცებასა. აღმოჩნდა, რომ ერეკლე დაწინაურებულიყო მცირეოდენი ცხენოსანი ჯარითა, რომელსაც ჩაეცვა მდიდრული ოსმალური ტანისამოსი ასპინძის ომში დახოცილი ფაშების, ბეგების და ჯარის სხვა უფროსებისა. მალე სოლოლაკის დაღმართზე ჩამოვიდა ძლევამოსილი ერეკლე, თავის მშვენიერს მერანზე მჯდომი. დედოფალი დარეჯანი გაეშურა თავისი გვირგვინოსანი მეუღლის მისაგებებლად. ახლაც მას ცრემლი პირისახეზე ღაპაღუპით სდიოდა; მაგრამ ეს იყო ცრემლი გაუზომელი სიხარულისა, სრული ბედნიერის წამისა. მთელი ქალაქი მიეგება თავის სათაყვანებელს მეფეს გამოუთქმელი აღტაცებით. ასპინძის გმირი გადმოხტა ცხენიდან, ჯერ მოეხვია თავის მეუღლეს და მერმე მიესალმა ხალხსა. მეფე-დედოფალი და ხალხი პირდაპირ სიონში გაეშურნენ, სადაც გადახდილი იქმნა სამადლობელი პარაკლისი კათალიკოსის ანტონის მიერ, რომელზედაც ყოველი ქართველი მხურვალე გულით ჰმადლობდა უფალსა ქართველი ჯარის ბრწყინვალე გამარჯვებისა და მტრის დამარცხებისათვის. იმავე დღეს ერეკლეს მშვენიერს სასახლეში, რომელშიაც ითვლებოდა თითქმის ორასი თვალი ოთახი, გაიმართა დიდი ნადიმი და მთელი ქალაქი მიეცა რამდენისამე დღის განმავლობაში ლხინსა და შექცევასა.

11. ტოტლებენის ბოლო. ერეკლესა და სოლომონ მეფეთა

ბრწყინვალე ლაშქრობა ოსმალეთში


ტოტლებენმა მალე შეიტყო ერეკლეს ბრწყინვალე გამარჯვება და საჩქაროთ დაბრუნება თბილისში, და დიდს საგონებელში ჩავარდა: ვაითუ მეფემ ღალატისათვის სამაგიერო გადამიხადოს, თავისი ჯარით გზა შემიკრას რუსეთისაკენ, დამატყვევოს და სასჯელს მიმცესო, შიშობდა იგი. ეს შიში მასში მით უფრო ძლიერი იყო, რომ არა ერთი და ორი რუსი ოფიცერი ხმამაღლა ჰკიცხავდა თავის უფროსის უღირსს საქციელსა. რათა ხიფათი აეცილებინა თავიდან, ტოტლებენი აიყარა თავისი ჯარით სურამიდან და სწრაფად გასწია დუშეთისაკენ. იარა კავკასიის ქედის ძირამდინ და დაბინავდა ანანურში, სადაც მაშინ მაგარი ციხე იყო. ახლა მას რუსეთისაკენ გზას ვეღარავინ შეუკრავდა და ამიტომ ისევ სიბრიყვეზე შედგა. გარეშე სოფლების მცხოვრებლებს ძალას ატანდა — უარყავით თქვენი მეფე ერეკლე და დაიფიცეთ რუსეთის ხელმწიფის ერთგულებაზეო. ვინც უარს ამბობდა, არბევდა, სცემდა და სტანჯავდა. თანაც ტოტლებენი სწერდა რუსეთის მთავრობას პეტერბურგში, ცოტაოდენი ჯარი კიდევ მომაშველეთ, მეფე ერეკლეს დავატყვევებ, რუსეთში გამოვგზავნი და საქართველოს რუსეთს შემოვუერთებო. მაგრამ უმაღლესი მთავრობისაგან უარი მოუვიდა: საქართველო ძლიერ დაშორებულია რუსეთზე, გზებიც მეტად ძნელი სავალია, საქართველოსა და რუსეთს შუა ბევრი მთიული ხალხია დაუმორჩილებელი და ამიტომ ჯერჯერობით მაგ ქვეყნის შემოერთება უხერხულიაო. ერეკლე მეფემ ეს ამბავი სავსებით არ იცოდა, იმპერატრიცა ეკატერინესიც დიდი ხათრი ჰქონდა და ამიტომ ტოტლებენს აპატია ყველა მისი სიბრიყვე და კარგი გული უჩვენა. რაკი ტოტლებენი დარწმუნდა, რომ ერეკლე მას მტრულად არ მოექცეოდა და არას დაუშავებდა, თავისი ჯარით გასწია იმერეთისაკენ სოლომონ მეფის მისაშველებლად, როგორც ეს ნაბრძანები ჰქონდა ეკატერინესაგან.

სოლომონ მეფე ებრძოდა ერთი მხრივ ოსმალებსა, რომელთაც ეჭირათ ყველა სიმაგრე მისს სამფლობელოში, და მეორე მხრივ გურიის და სამეგრელოს მთავრებსა. მაგრამ ტოტლებენის მიშველებას არ მიშველება სჯობდა. თუმცა ციხეებში ოსმალებს ოცი-ორმოცი ჯარისკაცის მეტი არა ჰყავდათ, მაგრამ ტოტლებენი ვერ ახერხებდა მათ აღებას და მთელი თვეობით იდგა მათ გარეშემო ყარყუმივით. როცა ციხე ბოლოს სიმშილის გამო დამორჩილდებოდა ხოლმე, ტოტლებენი უწყალოდ სცარცვამდა თვით ადგილობრივს მცხოვრებლებსაც. ამის გამო ყველამ შეიძულა იგი. გაძარცვის შიშით ციხეები აღარ ემორჩილებოდნენ და იბრძოდნენ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. ტოტლებენის აღთქმას და ფიცს აღარავინ იჯერებდა. მაშინ მიმართა მან სოლომონ მეფის მეუღლეს, დედოფალს მარიამსა, და სთხოვა თავდებობა ეკისრა. ეს დედოფალი იყო ყოვლად ღირსეული გვირგვინოსანი და მას ყველა იმერი უსაზღვროდ ენდობოდა. ამიტომ საცა კი თავდებობა მან იკისრა, იქ ადვილად დამორჩილდნენ ტოტლებენს მეციხოვნენი. ეს აბეზარი გენერალი სოლომონ მეფესთანაც ვერ მოეწყო, რის გამოც რუსთა ჯარი ცალკე ეომებოდა ოსმალებსა და იმერთა ჯარი კიდევ ცალკე. ერთხელ, როდესაც ფოთის გარშემო იდგა ტოტლებენი თავისი ჯარით, ოსმალთა ჯარი შეუმჩნევლად მიუახლოვდა მას და სრულიად ამოჟლეტავდა რუსებსა, თუ სოლომონ მეფეს არ მიესწრო და უკუ არ ექცია მტერი. თვით საკუთარს ჯარს ძლიერ ცუდად ექცეოდა, მეტისმეტი ანგარების გამო საწყალ სალდათებს ჰხოცდა შიმშილით და უტანისამოსოდ. თითქმის მთელი ჯარი დაავადებული იყო და ჭერეხივით ეყარა. ბევრმა რუსის სალდათმა დალია სული აქ და მიებარა ცივს სამარეს უცხო, შორეულს ქვეყანაში.

ბოლოს სიმართლემ მიაღწია პეტერბურგამდინ, და იმპერატრიცა ეკატერინემ გამოსცვალა ტოტლებენი და მის ნაცვლად გამოგზავნა რუსეთიდან გენერალი სუხოტინი. მაგრამ ვერც ეს გამოდგა ღირსეული წინამძღოლი ჯარისა, და მალე იქმნა დაბარებული რუსეთში თავის ჯარითურთ. ეს მოხდა 1772 წელს.

დარჩა ამ სახით აღმოსავლეთისა და დასავლეთის საქართველო თავისთა ძალთა ამარა ძლიერის მტრის წინააღმდეგ. ბევრი ჩვენებური ჩავარდა საგონებელსა და შიშში. მაგრამ ეს შიში მალე გაიფანტა მთლად. ქართველმა მეფეებმა — ერეკლემ და სოლომონმა — მოახერხეს შეკავშირება, შეუერთეს იმერთა და ამერთა ჯარები ერთმანეთსა და შეესივნენ ოსმალეთსა ახალციხის მხრივ. ციხეების აღებას თავი დაანებეს, ქვეყნების დაპყრობას შეუდგნენ და ბრწყინვალე გამარჯვებით იარეს თვით აზრუმამდინ. მაგრამ სწორედ ამ დროს ზავი და მშვიდობა ჩამოვარდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის და ქართველი მეფენი იძულებულნი შეიქმნენ შეეიწყვიტათ ლაშქრობა და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, რაიცა მოხდა 1774 წელს.

ერეკლესა და სოლომონს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სამშვიდობო ტრაქტატის შეკვრის დროს რუსეთსა და ოსმალეთს შორის, მათ დაუბრუნდებოდათ ის კუთხეები საქართველოსი, რომელნიც ოსმალეთს ეჭირა. საუბედუროდ, ეს იმედი მათ არ აუცხადდათ, ოსმალეთმა შეირჩინა წინათ დაპყრობილი ქართული ქვეყნები და ქართველ მეფეებს მხოლოდ მცირე რამ დაუთმო. სამაგიეროდ რუსეთმა ბევრი რამ მიიღო ოსმალეთისაგან და თავის საზღვრები გააგანიერა სამხრეთის მხრივ.

ამ წერილს საფუძვლად დაედვნენ შემდეგნი თხზულებანი: „ქართლის ცხოვრება“, Грамоты и другие Исторические документы XVIII столетия, დაბეჭდილი ამ უკანასკნელს ხანს პროფესორის ცაგარლის რედაქციით; ნადირშაჰის ცხოვრების აღწერა, გენერალის ქიშმიშოვისა; Кавказская война, პოტოსი; Закавказье, დუბროვინისა, თხზულებანი ალექსანდრე ორბელიანისა; Кавказские этюды, ვეიდენბაუმისა; აგრეთვე ზოგიერთი ხალხური თქმულება, ახალციხის მხარეში დარჩენილი. ავტორი