ასპინძა
ავტორი: ლადო ასათიანი
1942 წელი


1

ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.
გადაიარა წინადღის ბრძოლების პაპანაქებამ,
ხმალს დასვენება უნდოდა, მხედრობას — დაბანაკება.
გადალეწილან შუბები… დროშები ჩამოძენძილან…
ნაომარ ქართველ მხედრობას ტრიალ მინდორში ეძინა.
მთვარემ მძინარე სახეებს ბნელი ბურუსი გადახსნა,
სუნთქვა მძინარე რაინდთა აბიბინებდა ბალახსა.
გართხმულან მწვანე ბალახში ზვიადნი, მსხვილბარკლიანნი;
ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლიანი.
ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი.
აქა-იქ ცეცხლი ანთია, თოფზე მიკრულან გუშაგნი,
თვლემენ ცხენები მორთულნი ლამაზ უნაგირ-უზანგით.
შორს კლდეში ჭოტი გაჰკივის, მდინარე მიდის დუდუნით,
ხმიანი ხვრინვა გაისმის, თოხარიკების ფრუტუნი.
გადალეწილან შუბები… დროშები ჩამოძენძილან…
წუთით გატრუნულ ქარიშხალს ცხენის ფაფარში ეძინა.
იქნებ, სიზმარი გვესიზმრა, იქნება, არის ზღაპარი,
ვით შეიკედლებს ქარიშხალს ფიცხელი ცხენის ფაფარი?
ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს.
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.

 2

გართხმულან მწვანე ბალახში მაღალნი, მსხვილბარკლიანნი,
ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლიანი,
ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი…
სმენად ქცეულან მეფის წინ აღაბაბა და ხუდია,
ნეტავ რა უნდა მეფესა, გულში რა ცეცხლი უნთია?
- ცუდი იღბალი გვიღიმის, უომრად გავისრისებით,
თუ არ დავხერხეთ ამაღამ ასპინძის ხიდის ისრები,
რომ მტრის მაშველი ჯარები ვერ გამოვიდნენ ხიდზედა,
რაღა მაშველი სჭირდებათ, ბევრი არიან ისედაც.
ამაღამ ხერხი ვიხმაროთ, ხვალისთვის ხმალი ვინებოთ.
აბა, გაფრინდით, სამშობლოს დროშა გფარავდეთ, შვილებო!
აჩრდილებივით მიდიან აღაბაბა და ხუდია,
ალბათ, იმიტომ არ ჩანან, უჩინმაჩინის ქუდი აქვთ.
გარშემო ისევ უღონო ღამეა ჩამოძენძილი,
ძილფხიზლად სძინავთ ვაჟკაცებს, ღელავს ულვაშთა ჯეჯილი,
ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.

 ვ

ინათა... ცისკრის ვარსკვლავის ბრწყინვამ წყვდიადი გარიყა,
ატოტდნენ თეთრი ცხენები, გამოეღვიძა ქარიშხალს.
გაშალეს ძუა-ფაფარი, კორიანტელი დაირხა…
სინამდვილეში ზღაპარი ასე ახდება ხანდისხან.
მოიგდეს თეთრი ნაბდები, მიუხარიათ მხარიმხარ.
ქართველო მამულიშვილო, ხელი ვადაზე გაიკარ!
მტერი ასპინძის სიმაგრეს შემოესია სერიდან,
წინა რიგებში მიგელავს პატარა კახი ცხენითა,
შეხვდება კოხტა ბელადსა, ხმალდახმალ გამოიტაცებს,
ტყვიას დაახლის ბეჭებში, უსულოდ დასცემს მიწაზე:
— ხმალი წუნკლებსო! - შესძახებს, რაზმებში გადავარდება, —
ასე სჩვევია ცხენდაცხენ ქარიშხალს განავარდება.
ასეთ ღელვაზე საკვირველს იტყოდნენ მამა-პაპანი:
— ზღვა როცა გაიფოფრება, ზეცაში ავა ფაფარით!

 4
 
კაფეს და კაფეს ქართველთა, ვიდრე ჰყოფნიდათ ხმლის სისქე,
შეშინებულმა მტრის ჯარმა პირი იბრუნა ხიდისკენ.
ხიდი რომ არი, ხიდიც კი ომში ხანდახან ხუნდია,
განა ამაოდ იღვწოდა ბორჩალოელი ხუდია!
ყური დაუგდეთ, გრძნეული ადგილის დედა ჩურჩულობს:
წყალმა წაიღო წყეული, შემოსეული ურჯულო!