არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს

არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



ეს გაზაფხული გამძაფრებული
პატიმრობისას გაარღვევს საკანს,
გახარებული ხელის კანკალით
არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს.
გაცოცხლებულა ირგვლივ ყოველი,
მფეთქავი ძალა არეს ჰფენია,
სულ რომ არ იყო ქვეყნად ღიმილი,
შეხედე, ახლა რაოდენია!
მჩქეფარე წყაროს, ამოყრილ ხეებს,
ჩვენს განახლებას ეუბნება ბანს,
ეს გაზაფხული უხარებს დღეებს
და არხევს ახალ სიცოცხლის აკვანს.