ანძები
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო
შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..