ანდერძი
ავტორი: ლადო ასათიანი
1940 წელი


იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი.

გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
იყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები!

რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!

იყავი მუდამ შეუშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.

ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!

იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!