ალაზანს
ალაზანს ავტორი: ილია ჭავჭავაძე |
1859 წ. |
სიჭაბუკისა ყვავილი
დამიჭკნო ჟამთა დენამა,
ნდომა მომაკლო, დამიგდო
სასაპყროდ გული რბენამა.
საბა ორბელიანი.
მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!
აწ შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!
დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს,
დროთა ბრუნვისგან შენ ზვირთთ შორის დამარხულს, დანთქმულს
რაც-კი არს ჩემ-წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგე
და რის წუხილიც უნუგეშოდ გულში ღრმად ჩავრგე!..
აგერ ის მუხა, რომლის ჩრდილ-ქვეშ ვისხედით ერთად
მე და ის, ვინცა აღმიჩნდა მე ცხოვრების ღმერთად.
მუნით დაგცქერდით: შენ გრგვინავდი აღელვებული,
ვით შენ ჰღელავდი — ისეც ჩვენში ჰღელავდა გული;
ორნივ გავსცქერდით დაუდგრომელ ზვირთთა დენასა,
მაგრამ მასში ჩვენ არ ვეძებდით შედარებასა.
რად გვინდოდა ჩვენ მომავალი, როს აწმყო ტკბილი
ისე შვენოდა, ვით უმანკო დილის ღიმილი?
მაგრამ წარივლტო წუთის შვება ჩვენის გულისა,
გაჰქრა სიბრმავე აღტაცებულ სიყვარულისა!..
წამერთო ყველა და წარვიდა ბედიც მღიმარი,
წარვიდა, ვითა მაშინდელი ზვირთი მდინარი...
შენც გამოცვლილხარ, ალაზანო, მუხაც გამხმარა...
მეც უდროო-დროდ გამერია თმებში ჭაღარა...
სად არს ის ღმერთა, იგი გრძნობა, ის სიყვარული?
ყველა წარსულა, რად არ მიდის ხსოვნა ბედკრული!
1859 წ.