აკაკის საიუბილეოდ

აკაკის საიუბილეოდ
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1908 წელი


მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
იმავ ჭირით ვარ სნეული,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ?! ბედი, შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!


თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიიღე, სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მოძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური.
დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ილიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური.


დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაიგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შაჭამოს ტურა-მელამა!
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა!
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა!