აკაკის
ავტორი: ტერენტი გრანელი


მუსიკის ცეცხლი გეცემა გულზე,
უკრავ ბეთხოვენს შენ, ასე ქებულს.
მე თითქოს ვხედავ და თითქოს ვუმზერ
შენ სულს - ტანჯვისგან გასპეტაკებულს.

კითხულობ ნიცშეს, სისხლით დაფერილს,
თეთრი ფიქრებით დაფრინავ იქაც.
შენ მიატოვე სხვა ყველაფერი
და შენ მიყვები მუსიკის გრიგალს.