ათრობდა ხალხთა მწუხარება
ათრობდა ხალხთა მწუხარება ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1917 წელი |
ათრობდა ხალხთა მწუხარება, სისხლის აუზი,
მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანებას,
მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებას
და მედიდურად ხელს აწერდა: ნიკოლოოზი.
ლაჩარი იყო, ქვეყნის ბედი, ღელვა, ქაოსი,
ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება.
ჩვენ კი სიმართლის ციხეებში დაგვიანება
გულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოსი.
კუბოებისთვის მეკუბოვეთ ხე აღარ ეყოთ;
ხე არ ყოფნიდა მეფეს კაცთა ჯვარზე საცმელად,
მაგრამ გამოჩნდა სიხარული კაცთ დასახსნელად...
ამხანაგებო! განახლების ზარმა დარეკა,
ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება:
თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება!