თარგი:Header

აბასთუმანი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯრებიდან შემოანათა.
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
ჩემი პალატა, თეთრი პალატა.
ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალი
ქერათმიანი ექიმი ქალი,
კელაპტარივით ჩემთვის დამწვარი
და სანუკვარი სიკვდილის დღემდე…
კვირაში ერთხელ თეთრი საცვალი
მოხეტიალე ცხოვრების შემდეგ…
სანთლით შუაღამის აკელაპტრება
და გატეხილი სიცხის საზომი…
წევხარ, ოცნებობ და გენატრება.
ოდაში რომ დგას, ის ხის საწოლი.
განა ოდესმე დამავიწყდება
აბასთუმანში თავდავიწყება?
თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა,
ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე,
ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა,
მიიწურება აგვისტო მალე!
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი…
მზე ფანჯრებიდან მოიპარება,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
თავდავიწყება და ნეტარება.


1941